“სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, სარწმუნოებასა და ჯარს შეუტიონ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, ქვეყნის ორ მთავარ ფუნდამენტს – სარწმუნოებას და ჯარს შეუტიონ.

ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მათ პროვოკაციებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„ეს უღირსი ადამიანები, ამ ორ მთავარ ფუნდამენტს ურტყამენ და ანგრევენ. ეს არის 0,1 პროცენტი. მე ბედნიერი ვარ, რომ მივეკუთვნები აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, პროვოკაციულ წამოწყებებს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე როგორც მიგვაჩნია სწორად. მე მჯერა, რომ პარლამენტის უმრავლესობა ასე ფიქრობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი, ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული.

“ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რატომღაც არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ საკითხს. ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. მიმაჩნია რომ ამ საკითხის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან. ვიცი რომ სახელმძღვანელო უკვე შეიმუშავა სამინისტრომ და მალე დასრულდება. მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოვახდინოთ ეროვნული პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და ამის გაღვივება. ეს იქნება მთელი ჩემი საზრუნავი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები