ტურისტულმა ებმარგომ საზღვაო კურორტები დააზარალა, მთაში კი პოზიტივი შეინიშნება – სეზონის შეჯამება „მთავარში“

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“, ტურისტული თვალსაზრისით ზაფხულის სეზონი შეაჯამა და შემოდგომიდან მოსალოდნელ მტკივნეული პროცესებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ, რუსეთის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა და ემბარგომ ყველაზე მეტად შავი ზღვისპირეთი დააზარალა.

როგორც შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულეთში, სასტუმროებში, თითქმის 40% ჯავშანი გაუქმდა. მისი თქმით, განსაკუთრებით, მცირე ზომის სასტუმროები დაზარალდნენ.

“ზაფხულის სეზონი რთულად წარიმართა, 20 ივნისამდე საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა, 20 ივნისის შემდგომ კი თითქმის 40% ჯავშანი გაუქმდა ქობულეთში. ქობულეთს ყველაზე მეტად დაეტყო სანქციები და ემბარგო. ბათუმში, ტურისტების თითქმის 25%-იანი კლება იყო. განსაკუთრებით ეს შეეხო მცირე და პატარა სასტუმროებს. დარტყმა მიიღო დაბალმა სექტორმა, სადაც დიდი კაპიტალ დაბანდებები არ იყო და ტურისტების ძირითადი მასა განსაკუთრებით რუსეთიდან შემოდიოდა,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, თბილისში, ტურისტების სიმცრის გამო, ოთახების ფასები 15-20%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, კახეთის რეგიონმა მოახერხა, რუსი ტურისტები, სხვა ქვეყნის ტურისტებით ჩაენაცვლებინა.

“კახეთმა მოახერხა და სხვა ქვეყნებით ჩანაცვლდა რუსი ტურისტები. თუმცა, დაახლოებით 20-25%-იანი კლება აქვს კახეთს ტურისტული თვალსაზრისით. ყველზე მასშტაბურად ეს საკითხი თბილისს შეეხო და იმ ბინებსა და მცირე ზომის სასტუმროებს, რომლებიც ტურისტებზე ქირავდება. თბილისში დიდმა სასტუმროებმა დიდი დარტყმა მიიღო. რეალურად, თბილისში ოთახების ფასები 15-20% არის შემცირებული და დატვირთულობაც 15%-ით შემცირდა ზაფხულის თვეებში,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე განცხადებით, მთის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა გაზრდილია: “პოზიტივი გვაქვს ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში. ამ მხარეს დიდი დარტყმა არ მიუღია.”

მსგავსი თემები