“გახარიამ 20 ივნისის ღამეს მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია დაიცვა” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის თაობაზე, დადებითად აფასებს. როგორც მან “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით გახარიამ კონსტიტუცია დაიცვა. 

“თუ ძალისმიერი შეჭრა მოხდებოდა პარლამენტში, შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო. მან მიიღო მძიმე გადაწყვეტილება და არ წავიდა კომპრომისზე პოლიტიკურ ძალებთან. რომ დაეთმო და შეეშვა ისინი პარლამენტში, ეს იქნებოდა კონსტიტუციის უხეში დარღვევა”, – განაცხადა გია აბაშიძემ. 

ანალიტიკოსი პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარტია “ევროპული საქართველოს” წევრების მისვლას სასტვენითა და წარწერებიანი მაისურით – “სირცხვილია!”, გამოეხმაურა.

“გუშინაც სასტვენიან დეპუტატსა და მის თანამოაზრეებს ჰქონდათ პარლამეტში შეჭრის მცდელობა. რისთვის უნდოდათ ეს და რა იყო შეჭრის მიზანი – ჩაშალონ ახალი მთავრობის დამტკიცება, თუ დაიკავონ სპიკერატში სავარძლები. თუ ახალი მთავრობა ორჯერ არ იქნა დამტკიცებული, ხდება ვადამდელი არჩევნების ავტომატურად გამოცხადება”, – განაცხადა ანალიტიკოსმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ანალიტიკოსის განმარტებით, საარჩევნო სისტემაში განხორციელებული რეფორმა, ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აწყობს. მისი თქმით, ისინი პროვოკაციის ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ სცადონ სახელმწიფოს გადატრიალება, თუმცა ამას მთავრობა არ დაუშვებს.

მსგავსი თემები