“ერგნეთის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხი არ განიხილება” – ირაკლი ანთაძე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქართული მხარე საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს არ განიხილავს. 

შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის ტექნიკური ხასიათის იყო.

„ეს შეხვედრა გახლდათ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება და კვლავ საუბარი ეხებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. დასაწყისშივე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კიდევ ერთხელ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. 

შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რაზეც გაგრძელდება ჩვენი მსჯელობები ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

წნელისთან დაკავშირებით მათ უბრალოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია საერთო კონტექსტში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ იქ არის აბსოლუტურად არაპროპორციული გადაადგილებები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია, რომ სიტუაციის დეესკალაციას არაფერი არ უდგას წინ, ვინაიდან სტანდარტული საგუშაგო, სტანდარტული ეკიპირებითა და პერსონალით წარმოუდგენელია, რომ იყოს რაიმე საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 

საუბარი წარიმართა მართლაც კონსტრუქციულ გარემოში, არ ჰქონია ადგილი დაძაბულობას. მართალია, რჩება გარკვეული დივერგენციები ჩვენს პოზიციებში, მაგრამ მათ თავად გამოხატეს მზაობა გავაგრძელოთ დიალოგი აღნიშნულ ფორმატში, მე ვგულისხმობ ტექნიკურ შეხვედრებს, რაზედაც ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. თავად მზაობა დიალოგის გაგრძელებაზე ალბათ, უკვე შეიცავს კონკრეტულ მინიშნებებს, რომ არის გარკვეული მზადყოფნა, მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრის სავარაუდო თარიღი იყო წინასწარ შეთანხმებული და ეს გახლავთ მიმდინარე 2 ოქტომბერი, არანაირი სიგნალი, რომ რომელიმე მონაწილე არ აპირებს ამ შეხვედრაზე დასწრებას, ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ 2 ოქტომბერი არის ძალაში.

რაც შეეხება ტექნიკურ შეხვედრას, ესეც არის ერთ-ერთი მექანიზმი IPRM-ის ფორმატის, ისევე როგორც, მაგალითად, ცხელი ხაზი.

დრონთან დაკავშირებით, ჩვენ წარვადგინეთ ეს დრონი, როგორც მატერიალური მტკიცებულება და შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არანაირი ნაკვალევი მის კორპუსზე არ არის. აღნიშნული დრონი გადავეცით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. რაც შეეხება ახალგორის საკითხს, მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი საკითხითა და მივიღე შემდეგ პასუხი, რომ ზოგადად, როცა დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ. არც ერთს, და არც მეორეს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ამის დადასტურება მე ვერ მივიღე“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი თემები