“ბახტაძე ნაწყენია, მონობა არ დაუფასდა და განიცდის” – ლევან გოგიჩაიშვილი

“მამუკა ბახტაძე ადამიანურად ნაწყენია, მონობა არ დაუფასდა და განიცდის”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს რეალური ძალაუფლება აღარ აქვს მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელი აღარ არის.

“მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, თავად განსაზღვრავს სახელმწიფო აპარატის მუშაობას. რა ხასიათზეც იღვიძებს, მთელი მთავრობა იმ ხასიათზეა. სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძეს არაფერი გაუკეთებია და მისი სახელი ერთ წელში დაავიწყდებათ. რაც გვესმის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ძალაუფლება არც ახალ პრემიერს ექნება.

თუ პრემიერი შს მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვერ დანიშნავს, მისი წარმომადგენლები არ იქნებიან, გამორიცხულია, მისი საქმიანობა ეფექტური იყოს. მნიშვნელოვანია, კაბინეტი სახელებითა და გვარებით, რათა განვსაზღვროთ, ვინ იქნება ახალი პრემიერის გავლენის ქვეშ და ვინ არა.
ახალი ცვლილებები იქნება ძველ სახლში ახალი ფარდების დაკიდება. მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ანგარიში არ წარადგინა, რეგლამენტი დაარღვია. ვფიქრობ, ადამიანურად ნაწყენია, რადგან თავის თავში ფიქრობს, რომ არ დაუფასდა. სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მაგას მონობა ჰქვია. ეს არ დაუფასდა და განიცდის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები