რომელ ახალ საგნებს ისწავლიან სკოლაში სექტემბრიდან მოსწავლეები?

სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლაში ახალი საგანი ,,მოქალაქეობა“ დაემატებათ. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ახალი საგნის ფარგლებში მე-7 კლასელი ბავშვები, ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, დასავლურ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა საკითხებს გაეცნობიან.

“მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. ბავშვები გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა კუთხით, უნდა იცოდეს რა არის ტოლერანტობა. ეს საკითხები ძალიან ბევრი ახალი პროექტის დანერგვის შესაძლებლობას მისცემს სკოლებს და რაც მთავარია, გაზრდის თანამშრომლობის კულტურას სკოლის დონეზე. ხელს შეუწყობს ძალადობის და აგრესიული დამოკიდებულებების აღმოფხვრას განსაკუთრებით თინეიჯერებში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ.

კიდევ ერთი საგანი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა პროგრამაში ,,თავდაცვა და უსაფრთხოებაა“. სახელმძღვანელოში მოსწავლეები აგვისტოს ომის ისტორიას ისწავლიან. 

პროექტი, განათლების სამინისტროს ცნობით, საპილოტეა და თავდაცვის აკადემიასთან ერთად მომზადდა. სახელმძღვანელო მეათე კლასში შევა და სექტემბრიდან მხოლოდ რამდენიმე სკოლაში ისწავლიან. საგანი შესაძლოა, სამხედროებმა შეასწავლონ, რომლებიც სპეციალურ ტრენინგსა და გადამზადებას გაივლიან.

მსგავსი თემები