გარდაბანში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა -„ქართული ფრინველი“ ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,100,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა.

უწყების ცნობით, ფერმა დღეში საშუალოდ 15,000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

“სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები