საქართველოს საპირწონედ, ბლოკ-პოსტს დე-ფაქტო რეჟიმიც გახსნის

სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს  ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალების შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. დე-ფაქტო რეჟიმმა ახალი ბლოკ-პოსტის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ქართული მხარე  აცხადებს, რომ პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია.

პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან, სხვადასხვა ტექნიკით, ოკუპანტების გადაადგილება შეინიშნება.

მიუხედავად უშედეგო შეხვედრისა, მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ჩაინიშნა.

„პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია. ამის მიუხედავად, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს და მიღწეულ იქნას შეთანხმება. შევთანხმდით, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ“ – აცხადებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ანთაძე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით კი სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მსგავსი თემები