ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც ერთ ლარად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ერთ ლარად შეიძენენ. შესაბამისი ცვლილებები პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

ასევე შეღავათები უკვე ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით  პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების  ერთ ლარად შეძენა შეუძლიათ.

“მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები მოქალაქეებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან  ტვირთს, რომლის შესამსუბუქებლად მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, მთავრობა მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები