“ჩორჩანას საბადო ჩვენს მხარესაა და რუსეთს არავინ დართავს ნებას, ხელში ჩაიგდოს” – სიმონ ნოზაძე

„ულტიმატუმის ენით საუბარი გაუმართლებელია და, რა თქმა უნდა, ამ მას ქართული მხარე არ განიხილავს“, – აღნიშნულია შესახებ ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოსური მხარე თავის პოზიციას შეარბილებს და საერთო ენას გამონახავს ქართულ მხარესთან.

„ახლა, ჩემი ჩასვლა სოფელ ჩორჩანაში ზედმეტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კომისია მუშაობს. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც სოფლის მოსახლეობას გადაუკვეთავს მათ მიერ დაფიქსირებული ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორია და ისინი დაუკავებიათ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არცერთი დაკავებულისთვის და ისინი, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, გაუთავისუფლებიათ“, – განაცხადა ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია სოფელ ჩორჩანაში არსებული საბადო აინტერესებდეს რუსეთს, ნოზაძე პასუხობს, რომ ნედლეული ჩვენს ტერიტორიაზეა და რუსებს არავინ დართავს ნებას, ხელში ჩაიგდოს.

„ჩორჩანას საბადო ჩვენს მხარესაა და რუსეთს არავინ დართავს ნებას, ხელში ჩაიგდოს. ეს გამორიცხულია“, – აცხადებს ნოზაძე.

ნოზაძის თქმით, ნედლეული კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მოიპოვებოდა, რომელიც შემდეგ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და რუსეთში აგზავნიდნენ.

„სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე კომუნისტური რეჟიმის დროს, ფუნქციონირებდა „ტალკის“ ქარხანა, სადაც იმ მხარის ქართველები და ოსები მუშაობდნენ. შესაბამისად, ეს იყო ოსურ-ქართული წარმოება. თვითონ ნედლეულს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიებიდან მოიპოვებდნენ, სადაც საბადოები იყო. პროდუქციას მოიხმარდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ამასთან, ის რუსეთშიც იგზავნებოდა“, – განაცხადა ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები