“სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ, ამით ძირეული პოლიტიკა ვერ შეიცვლება” – გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან, მისი თქმით, ამით ძირეულად ვერ შეიცვლება ის პოლიტიკა, რომელსაც “ქართული ოცნება” წარმართავს.

როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნების” ამოცანაა, წესრიგის პირობებში სტაბილურად მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე. 

“​სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ. მე არ ვფიქრობ, რომ სამთავრობო ცვლილებებით ძირეულად შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელსაც წარმართავს „ქართული ოცნება“. არ მგონია, რომ ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციაზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, წესრიგის პირობებში, სტაბილურად მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე. პოლიტიკის ძირეული მიზანი უნდა გახდეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობა და არა ბანკირებისა და მსხვილი იმპირტიორების. ამ პოლიტიკის შესაცვლელად, სხვა დისკუსია უნდა წარიმართოს. სახელმწიფოს როლი უნდა იქნეს გააზრებული და უნდა გამოვიდნენ ასპარეზზე ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ ალტერნატიული ხედვა.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა. ბუნებრივია, ის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ვერ შეცვლის, რადგან ამის რესურსები მას არ აქვს. მან უნდა უზრუნველყოს და შეასრულოს დროებითი მთავრობის ფუნქცია, რომლის მთავარი ამოცანა იქნება წესრიგი, არჩევნებისათვის თანაბარი პირობების შექმნა და ვფიქრობ, პროპორციული არჩევნები ასეთი ტიპის დისკუსიებს ხელს შეუწყობს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები