“რატომ შევიწყალე, არ გეტყვით” – ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

“რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება”, – ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კომენტარს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

„რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა, არაიურისტმა ეს კარგად იცის. ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენი სალაპარაკო და პოზიტივია, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში. დღეს მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება იმაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და ვნახავთ რა არის პასუხი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მსგავსი თემები