„აუცილებელი არ არის, 20-ვე მოსამართლე გავიყვანოთ“ – გურამ მაჭარაშვილი მოსამართლეთა დამტკიცებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტმა, შესაძლოა, 20 კაციანი სიიდან 20-ვე მოსამარლე არ დაამტკიცოს. მოსამართლეთა დამტკიცების პროცედურებზე, რომელიც პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება, მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო პროცესები. წარმოდგენილი 20 კანდიდატი როგორი იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა ვის დაუჭერს მხარს და ვის არა, აქაც არსებობს პროცედურები, რომელიც კონგრესშიც კი იყო განხილული და მათი ზედამხედველობის ქვეშ ხდება ეს პროცესები. იურიდიულ კომიტეტზე იქნება სიის განხილვა და შემდგომ პროცესი გადაინაცვლებს სესიაზე. არ გვაქვს მოლოდინი ან მოთხოვნა, რომ 20 კანდიდატიდან 20-ვე უნდა გავიყვანოთ. შეიძლება, გავიდეს 10- 15 მოსამართლე.  ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია და თავად კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს საკუთარი რესურსი. ეს იქნება გახსნილი პროცესი და გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის შესაბამისად მივიღებთ“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. 

რაც შეეხება ე.წ. 20 სიაში  მოხვედრილი დეპუტატების მიმართ კითხვის ნიშნებს, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს: „წინასწარ რომ ვთქვა, სიის რომელი წევრი იმსახურებს მხარდაჭერას და რომელი არა, ეს არ იქნება არც ობიექტური, არც სამართლიანი და არც კორექტული“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მუშაობას მომავალ კვირას იწყებს,  სადაც ერთ-ერთ საკითხად, უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეთა დამტკიცება იქნება განხილული.   

მსგავსი თემები