“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია” – ამის შესახებ დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, არ არის მიზანშეწონილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.
“სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა. ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბრძოლა გამარჯვებამდე“– წერს დეა მეტრეველი.
როგორ დღეს გახდა ცნობილი, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.