დაჯგუფება „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე შუამავლებს პოზიტიური პასუხი გადასცეს. „ჰამასში“ ამბობენ, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბოლო წინადადების შესახებ მოლაპარაკებებში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე „ჰამასის“ პასუხს 24 საათში ელოდება.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ისრაელი დათანხმდა პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში ღაზის სექტორში ცეცხლი 60 დღით შეწყდება. აღნიშნული წინადადება მოიცავს ღაზის სექტორში მყოფი 10 მძევლის გათავისუფლებას და 18 დაღუპულის ცხედრის ისრაელისთვის გადაცემას. სანაცვლოდ კი, ისრაელი ციხეებში მყოფ პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს.
ამ ეტაპზე ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, კიდევ რჩება 50 მძევალი, რომელთაგან 20, დიდი ალბათობით, ცოცხალია.