ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სპეციალური საგამოძიებო კომისია შეისწავლის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეისწავლის. პარლამენტის ბიუროზე აღნიშნული საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღება ითხოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაჩნდა კითხვები და ამ საქმის გამოძიება გუნდისთვის პრინციპული საქმეა.

“სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ – მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისათვის, შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები