“ქართული ოცნება” იმით გამოირჩეოდა, რომ ბიზნესს პოლიტიკურად არ ავიწროებდა“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “თიბისი”-ს საქმეში პოლიტიკური კონტექსტი იკითხება. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ამოწევა წლების წინ შეეძლო და არა 11 წლის დაგვიანებით.

“ბუნებრივია, პოლიტიკური კონტექსტი იკვეთება. „ქართული ოცნება” გუშინ არ მოსულა ხელისუფლებაში, არც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ჩაუდენიათ ეს ამბავი გუშინ. ეს საქმე 11 წლის წინანდელია და 2012 წელსაც წარმატებით შეეძლო “ქართულ ოცნებას” იგივე საქმე აღეძრა, რადგან თუნდაც იგივე მიდგომები ბიძინა ივანიშვილის მიმართაც იყო და პრინციპში, ამისთვის არავინ დაზრახავდა და პოლიტიკური არ იქნებოდა“ – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კონკრეტულ საბანკო ოპერაციას, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, ჭიჭინაძე ამბობს, რომ კანონი ნამდვილად დაირღვა.

„ეს ოპერაცია კანონმდებლობის დარღვევაა, მაგრამ დღეს რომ გაგვახსენდა, სწორედ ეს არის პრობლემა. “ქართული ოცნება” ერთი რამით გამოირჩეოდა “ნაციონალური მოძრაობისგან” – ბიზნესს მეტ-ნაკლებად პოლიტიკურად არ ავიწროებდა. ყოველ დღე არღვევენ კანონს არაპროფილური საქმიანობის შესახებ და აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითი ანაკლიის პროექტია, იგივე, „ლისი“ და მილიონი პროექტი აქვს, რითიც ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნიან“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები