ექვსი ათასზე მეტი პედაგოგი ოქტომბრის დასაწყისში, ჯილდოს სახით ორი წლის ხელფასს მიიღებს

  •  

6 ათასი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით, მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, მასწავლებლების გარდა, ხელფასები გაეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარსა და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ შეძლო მიზნის მიღწევა და ახალი კანონის მიხედვით, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

„კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბურ გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას. ეს კანონი, რაც პარლამენტმა ივლისში მიიღო, არის უპრეცენდენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მე მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ მას. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას – მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების სისტემის რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს – სკოლამდელი განათლებას, საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

„ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი. იმ ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს. ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას  მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები