“მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია” – ირაკლი იმნაიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორსა და საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსს, ირაკლი იმნაიშვილს ამბიცია აქვს, რომ „რუსთავი 2“ გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია გახდეს.

როგორც იმნაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა გამარჯვება ცენზურაზე უნდა მოიპოვოს, განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა.

„ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ გამარჯვებიდან ძალიან მალე, ხალხსაც და მფლობელებსაც ის წაართვეს. თუ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა. ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა.

მე 14 წლის წინ მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ოჯახთან ერთად. ჩემთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში და დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის მანძილზე ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე, უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს“, – განაცხადა იმნაიშვილმა.

ცობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა

მსგავსი თემები