ტრამპს დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი ირანზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს

ტრამპის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გადაწყვეტილებას, კონგრესში დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი აკრიტიკებს. მათი განცხადებით, ეს კონგრესის თანხმობის გარეშე მოხდა.

„ამ ღამით პრეზიდენტმა უგულვებელყო კონსტიტუცია, ცალმხრივი წესით ჩვენი სამხედროების ჩართვის კონგრესის ნებართვის გარეშე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს ადმინისტრაციისგან პასუხების მოთხოვნაში ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეში აგდებს ამერიკელების სიცოცხლეს და რეგიონში შემდგომი ესკალაციისა და სახიფათო დესტაბილიზაციის რისკს ქმნის“- წერს კონგრესმენი ნენსი პელოსი სოციალურ ქსელ X-ში.

კონგრესმენმა ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა ამ ქმედებას კონსტიტუციისა და კონგრესის საომარი უფლებამოსილების აქტის უხეში დარღვევა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის საფუძველი იმპიჩმენტისთვის.

„მან იმპულსურად გარისკა, დაეწყო ომი, რომლის შედეგადაც შესაძლოა, თაობების განმავლობაში ხაფანგში აღმოვჩნდეთ“, -აღნიშნა მან.

ტრამპის გაადწყვეტილება ასევე დაგმო კონგრესმენმა რაშიდა ტლაიბმა, რომელმაც კონგრესს დაუყოვნებლივი ჩარევისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიხილეთ, თუ სად მივყავართ ახლო აღმოსავლეთში დაუსრულებელი ომების ათწლეულებს „მასობრივი განადგურების იარაღის“ შესახებ ტყუილზე დაყრდნობით. ჩვენ აღარ წამოვეგებით ამას“ , – აღნიშნავს კანონმდებელი.

კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნმა შექმნილ სიტუაციას „სიგიჟე“ უწოდა.

„ტრამპმა ახლახანს დაბომბა ირანი კონგრესის თანხმობის გარეშე, რითაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში უკანონოდ გვითრევს. ნუთუ, ვერ ვისწავლეთ გაკვეთილი?“ – აღნიშნავს ის.

წარმომადგენელტა პალატაში უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი აცხადებს, რომ ირანზე აშშ-ის დარტყმები დრამატულად ზრდის ომის რისკს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა შეცდომაში შეიყვანა ქვეყანა თავისი განზრახვების შესახებ, ვერ მოიპოვა კონგრესის ავტორიზაცია სამხედრო ძალის გამოყენებისთვის და ახლო აღმოსავლეთში პოტენციურად კატასტროფულ ომში ჩაბმის რისკს ქმნის“, -დაწერა ჯეფრისმა სოციალურ ქსელში.

დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა ტრამპის ადმინისტრაციის დატყმებს ირანზე არაკონსტიტუციური უწოდა.

„ერთადერთი ორგანი, რომელსაც შეუძლია, ეს ქვეყანა ომში ჩააბას, არის კონგრესი. პრეზიდენტს ამის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა სანდერსმა.

რესპუბლიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი კი ტრამპს აქებს ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის ჩამოსართმევად მტკიცე ქმედებისთვის.

„ირანისთვის ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა არ არის ომისკენ ესკალაცია – ეს არის თეირანში ომის წამქეზებლებისთვის გონივრული პასუხი. თეირანი სულელი იქნება, თუ არასწორად გაიგებს ამერიკის სიმტკიცეს“, – აღნიშნა მაკკონელმა.

მსგავსი თემები