ირაკლი იმნაიშვილს „რუსთავი 2“- ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს

  •  

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. არხის გენერალურმა დირექტორმა ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

პაატა სალიას განცხადებით, ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი იმედოვნებს, რომ ის მალე მათი გუნდის წევრი გახდება.

“დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ, მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

როგორც სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმნაიშვილი წინა ხელისუფლების მხრიდან არსებული წნეხის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 

სალიას თქმით, “რუსთავი 2”-ს კარი ღიაა ყველასთვის, მათ შორის იმ თანამშრომლებისთვისაც, ვინც არხი ემოციურ ფონზე დატოვა.

„რამდენიმე დღის წინ ბევრმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. თუმცა, არხის მფლობელმა განცხადება გააკეთა, რომ ის მზად არის და “რუსთავი 2″-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ტელეკომპანიის კარი ღიაა პროფესიონალებისთვის, ვინც წლებია, მუშაობდა და ვისაც უნდა, ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კრიტიკული ტელევიზია”,- განაცხადა სალიამ.

ირაკლი იმნაიშვილი საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე ტელეკომპანია „მზეს“ თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. ის, ასევე არის „BBC“-ს პროდიუსერი. ირაკლი იმნაიშვილი, გარკვეული პერიოდი კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის” მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს.

მსგავსი თემები