“დამოუკიდებლობის ცრუ მოლოდინში გატარებული 11 წელი” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღს ეხმაურება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო კიდევ ერთი მძიმე ნაბიჯი, რომელიც კრემლმა მთელი ცივილიზებული სამყაროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული იგნორირებითა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით გადადგა

“2008 წლის 26 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი ომი ჩვენი ქვეყნის  ტერიოტორიის 20%-ის ოკუპაციით დამთავრდა, რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა. ეს იყო კიდევ ერთი მძიმე ნაბიჯი, რომელიც კრემლმა მთელი ცივილიზებული სამყაროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული იგნორირებითა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით გადადგა.

რუსეთის ფედერაციის ეს უგუნური ნაბიჯი დაგმო მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მისი ძირძველი და განუყოფელი რეგიონების  დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რუსეთი დღემდე არის არა ერთი მკაცრი სანქციის სამიზნე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძიმე შედეგის მომტანი მაინც აფხაზი და ოსი ხალხისთვის აღმოჩნდა, რომელთაც მთელი ეს  წლები რეალური სუვერენიტეტის მოპოვების ცრუ მოლოდინში იცხოვრეს. ჩრდილოელი მეზობლისაგან გაჟღერებული გაზვიადებული პერსპექტივები იმის შესახებ, რომ სამყაროს ახალ შვეიცარიად მოევლინებოდნენ, ამასთან მალე თანამეგობრობის ავტორიტეტული წევრი ქვეყნებიც აღიარებდნენ, მხოლოდ მითი აღმოჩნდა. რეალურად აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოთხიოდე ოდიოზურმა და  იმ კონკრეტული მომენტისათვის რუსეთისაგან დავალებულმა და მოსყიდულმა ქვეყანამ აღიარა, რომელთაგან ერთ-ერთმა – ვანუატუმ უკან გაიწვია აღნიშნული აღიარება და მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა; ამასობაში, შინ თუ გარეთ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ე. წ. აღიარების საფარქვეშ, რუსეთი ორივე რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და გავლენის განმტკიცებას, უპირველეს ყოვლისა, ამ ტერიტორიების ანექსიას ესწრაფვის, რაც ადგილობრივ მკვიდრთა თვითმყოფადობასა და იდენტობას გაქრობით ემუქრება”, – ნათქვამია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნუ იცხოვრებენ ილუზორულ სამყაროში, ნუ დაიჯერებენ არარსებული სუვერენიტეტის მოპოვებას რუსეთის მეშვეობით, ნუ მიიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ სახის უკანონო ქმედებებში, თუნდაც „არჩევნებად“ წოდებულ პროცესებში.

“ნუ გახდებიან იარაღი ჩვენი ერთობის მოწინააღმდეგე მტრის ხელში, რადგან მსგავსი ვითარება მხოლოდ და მხოლოდ გადაშენებას, გაქრობას და მიწისაგან პირისა აღგვას გვიქადის. მრავალსაუკუნოვან ჭირ-ვარამგამოვლილ ორივე ჩვენს მხარეს სასურველი პერსპექტივა მხოლოდ ერთიან საქართველოში, მშვიდობიან, ჰუმანურ, ურთიერთნდობითა და გულწრფელი შერიგებით შემდგარმა თანაცხოვრებამ უნდა მოგვიტანოს! “, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები