პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია გაათავისუფლეს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია გაათავისუფლეს. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი).

„აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერტ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა, რის გამოც მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშია უკრაინაში 31 მაისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართა.

მსგავსი თემები