„ისინი დამნაშავეები არიან, საქართველოს ხელისუფლება უნდა მოექცეს ისე, როგორც დამნაშავეებს“ – ჯემალ გამახარია აფხაზეთში ჩასულ გერმანიის დელეგაციაზე

„მათ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონი  ოკუპაციის შესახებ. ისინი დამნაშავეები არიან. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ მოექცევა ზუსტად ისე, როგორც დამნაშავეებს უნდა მოექცეს“ – ეს განცხადება აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სახელით, საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. საუბარია გერმანელ და ავსტრიელ დელეგაციის წევრებზე, რომლებიც, დამკვირვებლის სტატუსით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩავიდნენ.

როგორც გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე განცხადება გერმანიის საელჩომაც უნდა გააკეთოს.

„ე.წ. არჩევნების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მას დაესწრო გერმანიის ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიტერი, ის არის ახალი, ულტრა მემარჯენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელი,  რომელსაც რუსეთი აფინანსებს. ასევე, ამ პარტიის წევრია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული გუნარ ლინდემანი, რომელიც ბერლინის საკრებულოს წევრია. მათთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებოდა ვენიდან ჩასული პიროვნება პატრიკ პოპელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვოროვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი დ ხელმძღვანელი, რომელსაც, ასევე „რუსკი მირ“ აფინანსებს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისი ინფორმაციით, ე.წ. დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ტყვარჩელსა და  ოჩამჩირეში, რის  შემდეგაც ჩაატარეს ბრიფინგი და განაცხადეს, რომ ე.წ. არჩევნები  დემოკრატიულად ტარდება.

„ოჩაჩირე, ძირითადად ქართველებითაა დასახლებული და იქ ყველა სახლი ცარიელია. მთელ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს. მათ ეს ნახეს და ამის მიუხედავად აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში, მოსახლეობის გარეშე ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულია“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.   

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, გამახარიას განცხადებით, დამნაშავეები შესაბამისად უნდა დაისაჯონ: „რუსეთს ძალიან სერიოზული აგენტურა ჰყავს გერმანიაში. გერმანია, ეროპის წამყვანი ქვეყანაა და შესაბამისად, ის არის რუსეთის სამიზნე. რუსეთს აგენტურა ყავს ყველა სფეროში. პოლიტიკაში, აკადემიურ წრეებში და ყველგან, რაც სერიოზული პრობლემაა. არ მგონია, ეს გერმანელებმა არ იცოდნენ.  მათ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონი  ოკუპაციის შესახებ. ისინი დამნაშავეები არიან, ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ  ზუსტად ისე მოექცევა, როგორც დამნაშავეებს უნდა მოექცეს“.

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  ის განმარტებებს გერმანიის საელჩოსგანაც ელოდება.  

მსგავსი თემები