“აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო ლიდერი, არასდროს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე” – ჯემალ გამახარია

“ომის წინ, აფხაზეთში 347 000 ამომრჩეველი იყო. გუშინ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე კი 118 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ანუ თითქმის 3-ჯერ ნაკლებმა. როდესაც ამომრჩეველთა ორი მესამედი ამ ტერიტორიიდანაა განდევნილი, რომელ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი”, – ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე საუბრისას განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში”.

გამახარიას თქმით, პირადად მისთვის, სულერთი არ არის ვინ იქნება არჩეული დე-ფაქტო მმართველად. მისი განცხადებით, აფხაზების მიერ არჩეული ლიდერი არასდროს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე.

“პირადად ჩემთვის, როგორც იქაური მაცხოვრებლისთვის, სულერთი არ არის ვინ იქნება იქ დე-ფაქტო მმართველი. აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო ლიდერი, არასდროს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე მაშინ, როდესაც ზემოდან დანიშნული ადამიანი შეიძლება ამ დანაშაულზე წავიდეს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის.

ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ე.წ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა, დაახლოებით, 56%-მა. ეს, დაახლოებით, 65 000 ამომრჩეველია. ბევრი არ მივიდა, რადგან იმედგაცრუებულია. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კანდიდატები ერთმანეთს ებრძვიან, იმისათვის, ვინ დაისაკუთრებს იმ სუბსიდიებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან”, – განაცხადა აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები