პოლიციამ 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – ღირებულება 85 მილიონი ლარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 85 მილიონი ლარია. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 85 მილიონი ლარია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. სამართალდამცველებმა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს.

კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ -განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი თემები