საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციისა და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.
„2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან რვა თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის საკითხი, თუ ვინ მიიღებს ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით”- ნათქვამია განცხადებაში.