“ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას” – მეუფე შიო

“ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ვნებების საწყისი დემონური სამყაროა.

„ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო, ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

გარდა ამისა, პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებისას მარხვისა და ლოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“მარხვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს არ არის მხოლოდ საჭმლისგან თავის შეკავება. ესაა – თავშეკავება ფიქრებისგან, არაწმინდა გულის სიტყვებისგან, ქცევისგან, რაც უფალს ეწინააღმდეგება. ლოცვაც აუცილებელია, რადგან ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს. აზრი სულიერი ცხოვრებისა არის თავშეკავება იმისთვის, რომ დავანახოთ უფალს, რომ გვინდა გადარჩენა, სულის განკურნება და ვევედრებით მას, შეგვეწიოს ამაში, რათა გავხდეთ სასუფევლის მკვიდრნი”, – ბრძანა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები