“ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების.
„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად, ვხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ დარჩეს მომავალშიც სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა ევროპული ბიუროკრატია, სამწუხაროდ, აკეთებს ხოლმე ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას და ამასთან ერთად გამოვთქვამთ იმედს, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება”- განაცხადა კობახიძემ.