“ჯარები რომ არ გამეგზავნა, ოდესღაც ლამაზი და დიდებული ქალაქი მთლიანად დაიწვებოდა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლოს ანჯელესში ჯარები რომ არ გაეგზავნა, ქალაქი მთლიანად დაიწვებოდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შტატის გუბერნატორი და მერი აჭიანურებენ აღნიშნული სახლების აღდგენის პროცედურას, მაშინ როდესაც შესაბამისი ფედერალური ნებართვა უკვე გაცემულია.

„ბოლო სამი ღამის განმავლობაში ლოს ანჯელესში ჯარები რომ არ გამეგზავნა, ოდესღაც ლამაზი და დიდებული ქალაქი ახლა მთლიანად დაიწვებოდა, როგორც 25 ათასი სახლი დაიწვა ლოს ანჯელესში არაკომპეტენტური გუბერნატორისა და მერის გამო. სხვათა შორის, უფრო რთული, ხანგრძლივი და მკაცრი ფედერალური ნებართვის გაცემის პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია ამ სახლებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მარტივი საქალაქო და საშტატო ნებართვა კატასტროფულად ჩახლართულია და ჩამორჩება განრიგს. ეს არის სრული არეულობა და ასე გაგრძელდება დიდხანს. ადამიანებს თავიანთი სახლების აღდგენა სურთ. დაურეკეთ თქვენს არაკომპეტენტურ გუბერნატორს და მერს, ფედერალური ნებართვა მზად არის“, – წერს დონალდ ტრამპი.

კალიფორნიაში არეულობა პარასკევს დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურების რეიდების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები შტატის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 ათასი წევრის და 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების განკარგულება გასცა.

მსგავსი თემები