საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის განათლების მიმართულებით კიდევ ერთი შეთანხება შედგა. ქართულ დიპლომებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარებს და პირიქით, ჩინური დიპლომი საქართველოშიც იქნება აღიარებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება გამოსცა. დადგენილება 9 ივნისით თარიღდება და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე, გუშინ შევიდა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2025 წლის 15 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება“.
ამისთვის კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს უნდა აცნობოს. ამასთან, საგარეო უწყებამ ჩინეთის მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე უნდა შეატყობინოს.
აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლებით, რომელიც შესაბამისი ქართული დიპლომით დასტურდება, შესაძლებელი ხდება ჩინეთში ოფიციალურად დასაქმება და პირიქით – ჩინური განათლების ხარისხი და დიპლომი საქართველოში ლეგალურად დასაქმების გარანტია.