კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ინფორმაციას კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს.
„ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის მთლიანობას.