,,თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.
,,უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი, ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ, რომ გაექცა მართლმსაჯულებას, დღეს არის ციხეში! ვერაფერს ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ან რაიმე არის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს. არ ჩაედინა დანაშაული და ციხეში არ იქნებოდა. გასაგებია, რომ ადამიანს არ უნდა ციხეში ყოფნა, მაგრამ თავად ჩაიდინა ეს დანაშაულები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.