შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი ადამიანი.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით, კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.