რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა მანქანები და სასაწყობე მეურნეობა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული შეტევის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად კიევის ექვსი რაიონი დაზარალდა.
ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.