აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა.

„გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელსაც მანამდე ჩვენს სტრუქტურებში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშავია, წარდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცეს თანხმობა მის დანიშვნაზე.

თანხმობის შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძე წარმოადგენს პროგრამას, მთავრობის ახალ შემადგენლობას, შემდეგ ჩვეულებრივი პროცესია- განხილვები კომიტეტებში და ბოლოს, პლენარული სხდომა, სადაც მთავრობა დამტკიცდება. პლენარული სხდომა 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს“, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

მსგავსი თემები