ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსგავს მიდგომებს თბილისის სხვა უბნებსა და ქუჩებშიც დანერგავს.

„ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომაც  ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში  ანალოგიური მიდგომა გვქონდეს. შემდეგი არეალი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად რეაბილიტირდა. ამით დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი, მიზიდულობის ცენტრი შეემატა. იქ არის განთავსებული ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევე, პროექტის ფარგლებში,  აშენდა პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც გათვლილია 150 ავტომანქანაზე და სრულად ევროპული სტანდარტების მქონეა, თავისი სახანძრო უსაფრთხოებით, კამერებით, შშმ პირებისთვის, ასევე ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ადგილებით. გვინდა, რომ ამ მოედანზეც იგივე მიდგომა გვქონდეს და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დავნერგოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, ორბელიანის მოედანზე უახლოეს დღეებში საინფორმაციო ჯიხური განთავსება, სადაც მოქალაქეები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციას შეძლებენ.

მსგავსი თემები