დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
„ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას. ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.