ლიეტუვა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. 

დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი. ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები.

განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუტიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ.

განცხადებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ თერთმეტი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დროს ოკუპირებული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონები, ხოლო აგრესიული სამხედრო ქმედებები და სხვადასხვა პროვოკაციები დღემდე ხორციელდება.

მსგავსი თემები