ძმები ყარამანიშვილები, ქიბარ ხალვაშისთვის დაჩქარებული წესით წილების გადაფორმებას ასაჩივრებენ

  •  

“რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. ისინი თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.

ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია “საქართველოს” მფლობელები ქიბარ ხალვაშის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონს, ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ, ეხმაურებიან და პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებენ, ნუ შეიძენენ კომპანიას, რადგან შესაძლოა, დადგინდეს, რომ ქიბარ ხალვაში არ არის “რუსთავი 2”-ის კანონიერი მესაკუთრე. 

„ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი 2“-ის მოუწოდებენ, ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი 2“-ის ქონება, რადგან ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე“, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც მისი თქმით, რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშისთვის წილები არ უნდა გადაეფორმებინა. 

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იქამდე, სანამ არ გასაჩივრდებოდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში და დიდი პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილებისა და ტელეკომპანია “საქართველოს” საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა განიხილონ სასამართლო დავა“, – განაცხადა იურისტმა

საძაგლიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ახალმა მფლობელმა სამაუწყებლო კომპანია გააკოტროს.

“არც გაიყიდება „რუსთავი 2“ , სხვა გეგმები აქვთ კომპანიასთან დაკავშირებით. ალბათ შეეცდებიან კომპანიის ან გაკოტრებას, პირდაპირი მნიშვნელობით ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, რაც ნიშნავს გადაცემების დახურვას, შტატების შემცირებას, ხელფასების შემცირებასა და ა.შ. ანუ რეალურად, „რუსთავი 2“ აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც არსებობდა“ – ამბობს საძაგლიშვილი.

მსგავსი თემები