ზურაბ ჯაფარიძე 2015 წელს ერთ-ერთ ტელევიზიაში გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმეს

საპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 2015 წელს ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებული განცხადების გამო, 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა და ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის განმარტებით, 2015 წელს, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, მან ეთერში ორგანიზაციას “ოცნების სატელიტი” უწოდა. “ახალგაზრდა ადვოკატებმა” ჯაფარიძეს სასამართლოში უჩივლეს, საქმე მეორე ინსტანციის სასამართლომდე მივიდა და სააპელაციო სასამართლომ მის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წელს დააკმაყოფილა. 

“ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი თინათინ ნაბლოშვილი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, შემდეგ კი თბილისის საკრებულოში გავიდა ქართული ოცნების პარტიული სიით, სადაც მესამე ნომერი იყო. 2015 წელს, გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ (რომელიც შემდგომში გახდა კიდეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოცნებისა და ივანიშვილის მხარდაჭერით), მე ეთერში ვთქვი, რომ ეს ორგანიზაცია არის ოცნების სატელიტი (ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს). ახალგაზრდა ადვოკატები წავიდნენ სასამართლოში და მიჩივლეს. პირველ ინსტანციაში მოვიგე. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ როგორღაც გამომრჩა რომ მეორე ინსტანციაში გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად მეორე ინსტანციაში სხდომაზე არ ვყოფილვარ არც მე, არც ჩემი წარმომადგენელი და ახლა, 2019 წელს, უკვე დაბერებული ადვოკატების სარჩელი დაუკმაყოფილებია მეორე ინსტანციის სასამართლოს. მომესაჯა ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა + 300 ლარიანი ჯარიმა. ჯარიმის გამო ინკასო დაადეს ჩემ ანგარიშებს”, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის ჯარიმის გადახდასა და ინფორმაციის უარყოფას არ აპირებს.

მსგავსი თემები