საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, პროცესში ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის ჩართული და ქართული მხარის მოთხოვნაა, დაკავებულ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.
„ყველაფერი კეთდება, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, ესაა პრიორიტეტი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამისათვის მუშაობს. მიღებული ინფორმაციით, დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ და დღეს არაერთხელ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ჩვენი მოთხოვნაა ამ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ინფორმირებულია ჟენევის თანათავმჯდომარეები, ჩემი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, მიაწოდეს ინფორმაცია ყველა ღონისძიების შესახებ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი დრო, თუ როდის დატოვებენ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორს უცნობია.
„ზუსტად არ ვიცით, როდის დატოვებენ ისინი ცხინვალის იზოლატორს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ პროცედურები უნდა ჩაატარონ, რომელთა ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვცნობთ, მაგრამ ესაა მოლოდინი. ოჯახის წევრებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასთან არის ეკლესია, სადაც იმყოფებოდნენ და სწორედ ასეთ ვითარებაში აიყვანეს ჩვენი მოქალაქეები. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ადამიანები ეკლესიაში რატომ მიდიან კარგად ვიცით და სავალალო და სამწუხაროა, ასევე ბევრის მთქმელია, რომ ასეთ ვითარებაში, ეკლესიაში აკავებენ ხალხს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გუშინ, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ასევე, დღეს ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.