საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
საგარეო უწყების სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განაცხადებით, სახეზეა დესტაილიზაციის აშკარა მცდელობა: „იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი. დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”.