ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კომპანია საჯარო რეესტრში შპს მთავარი არხის სახელით უკვე დაარეგისტრირა. ამასთან, ცნობილია ტელევიზიის მმართველები და პარტნიორები.
როგორც ამონაწერიდან ირკვევა, არხის გენერალური დირექტორი და 51 პროცენტიანი წილის მფლობელი თავად ნიკა გვარამია იქნება. ტელევიზიის დარჩენილი წილი (49%) კი კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის. მას ეკუთვნის წილი “ინტერმედია პლუსში”, რომლის საქმის მასალებსაც პროკურატურა სწავლობს.
“წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირისა და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზეც თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ. ეს იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ახალდაფუძნებული არხის კომერციული დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე იქნება, დირექტორები კი “რუსთავი 2”-ის ყოფილი იურისტები: თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი.