“აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადსა და ეკონომიკას. დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურიზმიდან შემოსავალი ივლისში 13,3%-ით შემცირდა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, რომ როგორმე სახელმწიფო და ხელისუფლება დაესუსტებინათ. სამწუხაროდ, მათ პირველ ადგილზე დააყენეს თავიანთი პარტიული ინტერესები და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაზარალებულიყო სახელმწიფო. ამის შედეგიც არის ის, რომ ტურისტული ნაკადი და კლიმატი ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, შეიცვალა უარესობისკენ.
თუმცა, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადს, აღვადგენთ ეკონომიკასაც და დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო. არ მივცემთ საშუალებას, რომ ვიღაცის პოლიტიკურ, ვიწრო ინტერესებს შეეწიროს ჩვენი მოქალაქეების ოჯახების ეკონომიკა და მათი შემოსავლები. ტურიზმი არის ჩვენთვის აუცილებელი, ჩვენ ვართ კონკრეტულ გეოგრაფიაში, რომელსაც ვერ შევცვლით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას სწორი კურსი აქვს არჩეული.
„რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწორი კურსი, რომ მოვახდინოთ ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზრებში, დასავლეთსა და აღმოსავლეთის ბაზრებში, გავზარდოთ ექსპორტი ევროკავშირში, ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, მოვაწესრიგოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა და ხედავთ, რამხელა დაფინანსება იდება ამ ყველაფერში – ეს არის გზა ეკონომიკის განვითარებისთვის და არა ის, როდესაც ადამიანები დგანან და სახელმწიფო ინტერესებს წირავენ თავიანთ ვიწრო პარტიულ მხედველობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.