სურსათის ეროვნული სააგენტო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში გავრცელებული ექვსი დასახელების სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების გამოყენებას ეხება.
მათი ცნობით, გადამოწმების მიზნით, დამატებით ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება – პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან „სუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო.
2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაც. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება“, – აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
„მომხმარებელი.ჯი“-ზე გამოქვეყნებული კვლევის ავტორების განცხადებით, რამდენიმე პროდუქტში „სუდან ერთის“ შემცველობა გამოვლინდა.