„სირიის გადაწყვეტილება რუსეთიდან სარგებლის მიღებაა და სხვა არაფერი“- ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღებასთან აკავშირებს და აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს არ წარმოადგენს.

“სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის. სირიის რეჟიმის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ილუზიების შექმნას ცდილობენ. ეს არის რუსეთის მიერ მანიპულირებადი რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა, რასაც ადეკვატური ქმედებები მოჰყვება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალში ამ ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არა აქვს“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მსგავსი თემები