“მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ მუცოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაპირდა, რომ ყველა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი უმოკლედ ვადაში განხორციელდება.
„ქართუს“ დახმარებით, მუცოში უკვე აღდგენილია 16 კოშკი. ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში. ეს უნიკალური ადგილია და სიტყვებით შეუძლებელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს სიამაყის საგანია მთელი საქართველოსთვის.
მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობისა, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ასე ამაყობს და მე მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს და გპირდებით, რომ ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, აუცილებლად დავასრულებთ უმოკლეს ვადებში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ოთხივე სეზონი ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ განავითაროთ. ამ ულამაზეს კუთხეს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ მის რეალიზაციას,” – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა სოფელ ამღას აღდგენაც დაანონსა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ეს საკითხი და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა აღდგება ამღაში.