“რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენდირექტორმა გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, თუ მისი ბრალი ამის გამო დამძიმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, შეგნებულად არც ჩამიხედავს ამ დოკუმენტში და მით უმეტეს, არც ჩამიბარებია. ანუ, მე ეს უნიკალური კოდი არ ვიცი, იცის მხოლოდ ამ უწყებამ და ამიერიდან თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის მხოლოდ ამ უწყების დამსახურება, მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო დამძიმდეს. დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, მე დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამია ასევე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო.
„სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ ის განიხილავდა ამ საქმეს. ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს“, – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა.