“ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილია თითოეული მოქალაქისთვის.
„დღეს არის 14 აგვისტო, უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი და, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ცხოვრობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ქართველებს და აფხაზებს, ჩვენ გვაქვს საერთო ფესვები და აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს ტკივილი. ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, საერთო ტკივილი და ჩვენ ერთობლივად უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები.
დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.